ორგანიზაციამ „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრთან ლოგომედი • Logomedi და კავკასიის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ალიანსი პარტნიორობით, დღის ცენტრის „საპოვნელა“ ბაზაზე, თერჯოლის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე: „ენა, მეტყველება, კომუნიკაციის დარღვევები და ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობა“.
სემინარს უძღვებოდა ენისა და მეტყველების თერაპევტი, „ლოგომედის“ დამფუძნებელი ეკატერინე ჭავჭავაძე. შეხვედრის ფარგლებში მან მონაწილეებს დეტალურად გააცნო როგორც ფუნდამენტური თეორიული ასპექტები, ისე პრაქტიკული მიდგომები მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევების ადრეული იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტური მართვის მიმართულებით.
სემინარი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა; მონაწილეებმა რეალური შემთხვევები განიხილეს, იმსჯელეს ყოველდღიურ პროფესიულ გამოწვევებზე და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საბავშვო ბაღებში დარღვევების ადრეულ გამოვლენას და დროული მხარდაჭერის პრაქტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.
მსგავსი პროფესიული შეხვედრები და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია სპეციალისტების ცოდნის გასაღრმავებლად, რაც, თავის მხრივ, ბავშვებისთვის ხარისხიანი, დროული და ეფექტური მხარდაჭერის გარანტიაა. ორგანიზაცია მადლობას უხდის თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალურ ცენტრს თანამშრომლობისთვის და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და პროფესიული ინტერესისთვის.

