ჩვენი მისიაა: ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.
„ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“(HEAD) დამოუკიდებელ ორგანიზაციად 2022 წლის 16 მაისს „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ ჩამოყალიბდა, თუმცა მისი საქმიანობა 2008 წლიდან „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ერთ–ერთი პროგრამული მიმართულების – ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო და ადმინისტრირებას უწევდა ოთხ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს.
პირველი დღის ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობდა და ხელს უწყობდა მათი ოჯახების გაძლიერებას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ქუთაისში, 2008 წლის დეკემბერში დააფუძნა. 2009 წელს დღის ცენტრები თერჯოლასა და სამტრედიაში გაიხსნა, ხოლო 2017 წელს სერვისის მიწოდების არეალი გაფართოვდა და ბავშვთა და მოზრდილთა დღის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში – სოფ. საგურამოში შეიქმნა.
EDEC-ის ინტერესს მუდმივად წარმოადგენს საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების შექმნა ისეთ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც ჯერ არ ეძლევათ შეზღუდული შესაძებლობის მონე ბავშვებს და პირებს სერვისებში ჩართვის შესაძლებლობა. შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრიდან, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციამ ორი ახალი ცენტრის გახსნისთვის მოიპოვა მხარდაჭერა, რომელიც მომსახურებას მიაწვდის 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და 30 პირს ბაღდათის მუნციპალიტეტში.
სოციალური მომსახურებების ადმინისტრირების მრავალწლიანმა გამოცდილებამ და მასშტაბმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ შეექმნა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც განაგრძობს ორგანიზაციის ადმინისტრირებაში მყოფი სოციალური მომსახურებების მართვასა და განვითარებას.