საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეები ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლის „Hellados“ ჩვენებას დაესწრნენ. ერთი საათის განმავლობაში, მათ ქონდათ შესაძლებლობა, სპექტაკლის გმირებთან ერთად, სხვა სამყაროში ემოგზაურათ, თვალი ედევნებინათ ორი მეგობრის სიყვარულისთვის ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ. თეატრი ხომ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია გამოხატო ემოცია, იოცნებო ყველაზე არარეალურზე და თითოეულ სპექტაკლში დაინახო შენი ცხოვრება, ან უბრალოდ, სრულიად უცხო პერსონაჟებში იპოვო საკუთარი თავი. ჩვენი სერვისით მოსარგებლეებისთვის წარმოდგენა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.