Carrefour Georgia-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ დედის დღე განსაკუთრებულად და ემოციურად აღნიშნა.
ცენტრი სიხარულითა და ჟრიამულით აივსო – დღის ცენტრს ჯამბაზი ესტუმრა, რომელმაც მხიარული თამაშები და გასართობი აქტივობები შესთავაზა სერვისით მოსარგებლეებს. ბავშვებმა და პირებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა გუნდურ და სახალისო თამაშებში, რამაც მათთვის ეს დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა.
ღონისძიების ფარგლებში ცენტრს გადაეცა საჩუქრები – გუაშები, ფანქრები, წებოები და სხვა საჭირო საკანცელარიო მასალა, რაც შემოქმედებითი აქტივობებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. გარდა ცენტრისთვის გადაცემული საჩუქრებისა, ჩვენმა გულუხვმა სტუმრებმა თითოეული ბავშვისთვის და პირისთვის მოამზადეს საჩუქრები.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იყო შვილების მიერ შესრულებული ნახატები თემაზე – „შვილების თვალით დანახული დედის პორტრეტი“. ეს გულწრფელი ნამუშევრები დედებს სიყვარულითა და სითბოთი გადასცეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა.
დღის ცენტრი „იალონი“ მადლობას უხდის Carrefour Georgia-ს დღის გალამაზებისთვის, სითბოსა და ყურადღებისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ არაერთი მათი ინიციატივა გაახარებს ჩვენი სერვისით მოსარგებლეებს.

