სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ლამპარი“

ცენტრში  6-დან 18 წლამდე ასაკის 16 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შშმ) ბავშვისთვის ვუზრუნველვყოფთ სერვისებს, რომელიც მიმართულია მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

თითოეულ ბენეფიციართან მუშაობა კვალიფიციური გუნდის მიერ, ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად მიმდინარებს.

ცენტრის სერვისში ჩართვის პირველივე თვეში
ადაპტური ქცევის სწრაფი შეფასების ქართული ინსტრუმენტის ,,გაბზის” გამოყენებით, ვიკვლევთ სერვისით მოსარგებლის საჭიროებებს, შეფასების შემდეგ კი ვქმნით ინდივიდუალურ რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმას, რომელიც ეფუძნება ბენეფიციარის შესაძლებლობებს და ინტერესებს.

რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმები და არაფორმალური განათლების პროგრამები მიმართულია
თვითმოვლის, სოციალური ქცევის, ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის და
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებისაკენ.


დასაქმების ხელშეწყობა
ჩვენი ბენეფიციარების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, 14 წელს ზემოთ მყოფი ბავშვების უნარებს ცენტრის მიერ შემუშავებული “შრომის უნარებისა და შესაძლებლობების შეფასების ფორმის” მეშვეობით ვიკვლევთ. შეფასების საფუძველზე განვსაზღვრავთ ბენეფიციარების პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მიზნებს.

მომსახურება ითვალისწინებს ბენეფიციარების:

  • სხადასხვა ტიპის ინტეგრირებულ ღონისძიებებში ჩართვას (სასწავლო ვიზიტები, ინტეგრირებული აქტივობები, სპორტული შეჯიბრები, ექსკურსიები, შემეცნებითი ღონისძიებები და სხვა);
  • სხვადასხვა სახის თერაპიულ-შრომით და სოციალურ აქტივობებში ჩართვას, რომლებიც ეხმარება მათ სოციალურ-ადაპტაციური (მათ შორის საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებაში;
  • პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • დროის სწორად ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ – ჩვევების სწავლებას;
  • განვითარების ხელშეწყობის მიზნით მშობლებთან და მეურვეებთან ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებას და ბავშვზე ზრუნვის უნარ–ჩვევების განვითარებას;
  • ცნობიერების ამაღლებას და მომზადებას ინკლუზიური სწავლებისათვის.

დღის ცენტრი აღჭურვილია ადაპტაციური დამხმარე ავეჯით, რათა დაეხმაროს ჩვენს ბენეფიციარებს გამოიყენონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები შესაბამისად.

გარდა ამისა, დღის ცენტრი უზრუნველყოფს ბენეფიციართა ყოველდღიურად ტრანსპორტირებას და ორჯერად კვებას.