დღეს სოციალური ინკლუზიის ცენტრს „ალტერა“ ეწვია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იშიძუკა ჰიდეკი, რომელმაც ცენტრის პირველი სამუშაო დღე სერვისით მოსარგებლე ბავშვებთან და პირებთან ერთად აღნიშნა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის ახალი სოციალური ინკლუზიის ცენტრი იაპონიის მთავრობის „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ (GGP) ფინანსური მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი მხარდაჭერის გაძლიერებას.
შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გურამი კიკნაველიძე.
სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ მისი საქმიანობის სპეციფიკას, დაგეგმილ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ახალი სივრცე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს შესთავაზებს.
ვიზიტის დასასრულს, ორმხრივი მეგობრობისა და წარმატებული თანამშრომლობის სიმბოლოდ, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ხედვა – ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას უფრო ინკლუზიური, თანასწორი და მხარდამჭერი საზოგადოება თითოეული ადამიანისათვის. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის იაპონიის საელჩოს საქართველოში Embassy of Japan in Georgia და იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის!

