დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღე იყო ორგანიზაციისთვის „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“.
პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის ცენტრი და თერაპიის სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა და ბაღდათში, ნერგეეთის თემში, სოფელ ზედა დიმში სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობა საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიაწვდის დღის ცენტრის მომსახურებას.
სოციალური ინკლუზიის ცენტრს „ალტერა“ ქვია, სახელწოდება „ალტერა“ ლათინურად ნიშნავს „სხვა“ და სიმბოლურად გამოხატავს ცენტრის მისწრაფებას — შესთავაზოს ადამიანებს სხვა შესაძლებლობები, სხვა გზები და სხვა პერსპექტივები, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს ადგილი და მნიშვნელობა.
ღონისძიებას ბულგარეთის ელჩი საქართველოში ბატონი ვესელინ ვალკანოვი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა, ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითთმმართველობის, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა კეთილდღეობაზე და არიან ჩვენი მხარდამჭერები.
ღონისძიების ბოლოს, ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ სერვისით მოსარგებლეებს, Credo Bank / კრედო ბანკის თანამშრომლების მხარდაჭერით, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი ისინი ტკბილეულით გაახარა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ბაიას ღვინო /Baia’s Wine ღვინით და რაფაელო / Rafaeloს ტორტით გავუმასპინძლდით, რომლებმაც უსასყიდლოდ გადმოგვცეს თავიანთი პროდუქცია.
ღონისძიება პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის მოვლისა და თერაპიის გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა, პროექტი დაფინასნებულია ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ახორციელებს.Посолство на Република България в Грузия/Embassy of Bulgaria to Georgia

