შემოდგომა – წლის ყველაზე ყვითელი და ბარაქიანი სეზონი, სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ პედაგოგებმა და ბავშვებმა მხიარული ზეიმით აღნიშნეს.
საშემოდგომო ლექსებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით გალამაზდა და ახმაურდა დღის ცენტრის გარემო.
საშემოდგომო მხიარულება მშობლებმა და ორგანიზაციის თანამშრომლებმაც გაიზიარეს. შემოდგომის ხავერდოვან და ფერად სადღესასწაულო განწყობას გერმანელი მოხალისეც შეუერთდა, რომელიც ბავშვების მიერ მოწყობილი წარმოდგენით ქართულ ტრადიციებს, სამზარეულოს და კულტურას ეზიარა, ღონისძიების ბოლოს კი ბავშვებთან ერთად დიდი ჟრიამულით თათარა მოადუღა და ჩურჩხელები ამოავლო. ორგანიზაციის ადმინისტრაცია მადლობას უხდის დღის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, მშობელს და ბავშვს შთამბეჭდავი წუთების შექმნისთვის.

