საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში “იალონი” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. “იალონმა” მხარდამჭერები და პარტნიორები საახალწლო ნაძვის ხესთან მოიხმო და 2024 წელი მათთან ერთად შეაჯამა. სტუმრებს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო კუპატაძე მიესალმა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ისაუბრა 2024 წლის მიღწევებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ღონისძიებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები, მშობლები და ცენტრის დიდი ხნის მეგობრები ესწრებოდნენ – ადამიანები, რომლებიც, ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა კეთილდღეობაზე. ღონისძიებას დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეების ხელნაკეთი ნამუშევრები ალამაზებდა. დღეს დადებითი ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, ცენტრის სერვისით მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცათ, რომლის უზრუნველყოფაც დიდი ხნის მეგობრების მხარდაჭერით შევძელით. თითოეული ბავშისა და პირის სურვილი Rotary Club Tbilisi Ambassador წარმომადგენლებმა და ვეი მარტის თანამშრომლებმა შეასრულეს. დღის დასასრულს, სტუმრებს “იალონი” და მაღაზიათა ქსელი “ბუბუ 12” ტორტით გაუმასპინძლდა.