ღია კარის დღე საგურამოს დღის ცენტრში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში “იალონი” ტრადიციულად, ღია კარის დღე გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ დღის ცენტრის მხარდამჭერი და მეგობარი ორგანიზაციები, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დღის ცენტრის აღსაზრდელების ნამუშევრები დაეთვალიერებინათ, მათთან ერთად ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებში და დაეგემოვნებინათ დღის ცენტრის აღსაზრდელების მიერ მომზადებული გამაგრილებელი სასმელები.

„იალონს“ პირველად სტუმრობდა ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, მან თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერა ცენტრის სივრცე, გაეცნო მეტყველებისა და ქცევის თერაპევტების სამუშაო პროცესს და დღის ცენტრის აღსაზრდელების ნამუშევრები დაათვალიერა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ASB საქართველოსა და ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დღის ცენტრის ბაზაზე თიხაზე მუშაობის თერაპიული აქტივობების განხორციელებას, რომელშიც დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეებთან ერთად ჩართული არიან უკრაინელი ბავშვები.

ღონისძიების მთავარ მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შეცვლა, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების სოციალიზაცია და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.