გვანცა არის ენისა და მეტყველების თერაპევტი და ფსიქოლოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მიმართულია ბავშვთა მეტყველების, კომუნიკაციისა და ფსიქოემოციური განვითარების მხარდაჭერაზე. იგი დაიბადა ქალაქ მცხეთაში, ამჟამად კი ცხოვრობს და საქმიანობს საგურამოში.
გვანცამ უმაღლესი განათლება თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. მიღებული ცოდნა ეხმარება მას ბავშვის ემოციური, კოგნიტური და ქცევითი განვითარების სიღრმისეულ ანალიზში და მეტყველების თერაპიაში კომპლექსური, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების გამოყენებაში.
პროფესიული გამოცდილების ფარგლებში იგი ჩართული იყო ორგანიზაცია Divine Child Foundation of Georgia-ს ბავშვთა განვითარების მხარდამჭერ პროგრამებში. ასევე მუშაობდა ააიპ „ბავშვი, გარემო“, დღის ცენტრში „იმედი“ სპეციალური საჭიროების სპეციალისტად.
გვანცა ასევე იყო მოწვეული ლექტორი სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, სადაც კითხულობდა ლექციას თემაზე — „კონფლიქტური სიტუაციების მართვა და ანალიზი“.
პროფესიული განვითარების მიზნით გვანცას გავლილი აქვს ლოგოპედიის საბაზისო და მეტყველების თერაპიის თეორიული და პრაქტიკული, ასევე ემოციური განვითარების კურსები, NLP (ნეიროლინგვისტური პროგრამირება) და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის ტრენინგები.
2024 წლიდან გვანცა ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გუნდის წევრია და მუშაობს ენისა და მეტყველების თერაპევტად. ატარებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიულ სესიებს. მუშაობის პროცესში იგი იყენებს თანამედროვე და პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც თითოეული ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული.
მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს ბავშვებსა და ახალგაზრდებს კომუნიკაციის, თვითგამოხატვისა და ემოციური რეგულაციის უნარების განვითარებაში. იგი ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და სოციალური უნარების გაძლიერება.

